მამუკა ხაზარაძე - არ მჯერა ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია სახელმწიფო ინტერესია
არ მჯერა ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია სახელმწიფო ინტერესია, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, სადაც ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადაეცათ. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რომელიმე ჩინოვნიკს ან პროკურორს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი.
„მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს და ჩვენს უცხოელ ინვესტორებს დიდ ზარალს აყენებენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს პრობლემა.
რაც შეეხება ანაკლიას, ექვსი თვე დაგჭირდა სტაბილიზაციისთვის და უცხოეთის საერთაშირისო ბაზარზე იმის გასარკვევად, რომ არაფერი მსგავსი 12 წლის წინ არ მომხდარა, რომელიც ჩვენს რეპუტაციას და მომავალ საქმიანობას რამეში ხელს შეუშლიდა. ეს ჩვენ დავასტაბილურეთ. ინვესტორები მოტრიალდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გავაფორმეთ, რომელიც დღე-დღეზე უნდა წარგვედგინა სახელმწიფოსთვის. გუშინ იყო პირველი სიგნალი, როცა მინისტრმა თქვა, რომ პროგრესი არ გვაქვს. დღეს კი უკვე პროკურატურა გამოდის და ბრალს გვიყენებს. ეს არის მიზანმიმართული. ჩვენი მომავლის პროექტის არცერთი სიტყვის არ მჯერა. ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია სახელმწიფო ინტერესია, არცერთი მათგანის არ მჯერა. ყველა ზღვარს და ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება. მაგრამ ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ანაკლია აუცილებლად აშენდება. ჩვენ ახალა მექანიზმებზე ვფიქრობთ, როგორ ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ყველაფერი დავიცვათ, როგორც აქამდე მოვიტანეთ. ამას გავაკეთებთ. საქართველოში უნდა დამთავრდეს ზღაპრები მინისტრების, რომლებიც ცემენტს ვერ არჩევენ ბეტონისგან. საქართველოში არაპროფესიონალების დრო უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს შენების და აღმშენებლობის დრო“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.