მამუკა ხაზარაძე - ამერიკელების მხრიდან არის მობილიზებული განწყობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე
განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე და წინააღმდეგობები მოლაპარაკების და კომპრომისების ხარჯზე იყოს დაძლეული, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.
ხაზარაძის თქმით, დღეს დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ამერიკელ კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრები.
„ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება შეისწავლოს ყველა რისკი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში, ეს იწვევს კითხვებს და დაველოდოთ მოვლენებს.
დღეს დავბრუნდი შეერთებული შტატებიდან, სადაც ჩემს ამერიკელ პარტნიორებთან საკმაოდ სერიოზული შეხვედრები მქონდა. განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ეს წინააღმდეგობები იყოს დაძლეული მოლაპარაკების და კომპრომისების ხარჯზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროექტი შედგეს.
„ვფიქრობ, რომ ყველა ჩართული მხარის, სახელმწიფოს, ჩვენი კონსორციუმის და ქართველი ხალხის მიზანი უნდა იყოს ერთი მიმართულებით. ძალისხმევა მიმართული და მობილიზებული უნდა იყოს, რომ ეს პროექტი შედგეს და არ იყოს რაღაც ჩასაფრებული პოზიცია. როგორც რიგითი ქართველი ვფიქრობ, ანაკლიის პორტს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტი შედგეს.
ასეთ მეგაპროექტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თან სდევს უზარმაზარი სირთულე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი პროექტები დროში ისე გაკეთებულიყოს, როგორც ჩაფიქრებულია და ქაღალდზეა დაწერილი. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე. შეიძლება, კინკლაობასა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ეგ მომენტი გაგვექცეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
განცხადების თანახმად, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არსებობს მტკიცებულება, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.