მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილზე მუქარაში ბრალდებული პირი „ლელოს“ წევრია
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და მუქარაში ბრალდებული პირი „ლელოს“ წევრია. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
„ვადასტურებ – ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. აქვე, მინდა განვაცხადო ჩემი და მთელი ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ სრულად ვგმობთ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით, რის გამო მოხდა მათ შორის, ანუ ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ძალადობა დაგმობილია ჩვენ მიერ, ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. არ ვიცით, რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც თქვა ოხანაშვილმა, რადგან ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და შეიძლება, ის ამ შემთხვევაშიც იტყუებოდეს“, – აცხადებს ხაზარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.