მამუკა ხაზარაძე 13.52 პროცენტით „თიბისი ბანკის“ უმსხვილესი აქციონერია 
მამუკა ხაზარაძე 13.52 პროცენტით „თიბისი ბანკის“ უმსხვილესი აქციონერია 

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც ბანკს ტოვებს, საფინანსო ინსტიტუტის უმსხვილესი აქციონერია.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის ბოლოსთვის ხაზარაძე აქციათა 13.52 პროცენტს ფლობდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძის საკუთრებაშია აქციების 6.76 პროცენტი.

ბანკის აქციების ხუთ პროცენტზე მეტს ასევე ფლობენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და საინვესტიციო კომპანიები – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 8.17%; ჯიფი მორგან ესეთ მენეჯმენთ (JPMorgan Asset Management) – 8.39%; Schroder Investment Management – 7.07%; Dunross & Co. – 5.50%.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის, თუმცა ბანკის აქციონერად რჩება.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.