მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს
მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს

მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ.

„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს პრეზენტაციაზე არ უთქვამს, ვინ იქნებიან მოძრაობა „ლელოს“ წევრები.