მამუკა გამყრელიძე - გიორგი ვაშაძეს მეტი ამბიცია თუ ჰქონდა, აგერაა გზა, მას აქვს საშუალება, მარტომ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდოდა
რომ ვთქვა, გული არ მწყდება, ტყუილი იქნება, დანაკლისი არის ნებისმიერი ადამიანის წასვლა, მაგრამ არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ გიორგი ვაშაძის გაერთიანებიდან გასვლაზე კომენტარისას აღნიშნა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს.
„რომ ვთქვა, სიურპრიზი იყო და ამას არ ველოდი, ტყუილი იქნება. ველოდით და ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. რომ ვთქვა, გული არ მწყდება, ესეც ტყუილი იქნება. დანაკლისი არის ნებისმიერი ადამიანის წასვლა, მაგრამ არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ძალა ერთობაშია“ მაინც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას ამ არჩევნებში. თუ რამე იყო გაუგებრობა, თუ გაურკვევლობა, ეს იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა წევრებთან მას რადიკალური განსხვავებები არასდროს ჰქონია“,- განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, მოჰყვა თუ არა დაპირისპირება მაჟორიტარობის კანდიდატთა სიას, რადგან ის თავისი პარტიისთვის კოალიციურ სიაში ათ ადგილს ითხოვდა, მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ მისთვის არ შეუტყობინებია.
„ჩემთვის ეს არ შეუტყობინებია. ჩვენ სხვა პარტიები ვიყავით იმ ხელშეკრულების ერთგულები, სადაც ეწერა, რომ ყველა სუბიექტს აქვს ერთი ადგილი. თუ მას მეტი ამბიცია ჰქონდა, აგერაა გზა და მას აქვს საშუალება, მარტომ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდოდა. თუ 10 ადამიანს გაიყვანს, მხოლოდ მივესალმები“,- აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.