მამუკა ბახტაძის დავალებით, კანადასთან მიმდინარეობს მუშაობა „ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანადასთან მიმდინარეობს მუშაობა „ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე“.
როგორც კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, კანადა ძალიან საინტერესო ქვეყანაა, როგორც ეკონომიკური პოტენციალის, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით.
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ პრემიერის ვიზიტი კანადაში ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულ დასრულებას შეუწყობს ხელს.
„ძალზე მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კანადაში ახლა, როცა ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი ბიძგი საქართველო-კანადის გრძელვადიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოების განვითარებისთვის.
ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვანია პრემიერის მონაწილეობა მონრეალის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რამეთუ ეს არის კარგი საშუალება, საერთაშორისო ინვესტორებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მონრეალის წლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი თემა არის ინკლუზიური ზრდა და ხარისხიანი განათლება და პრემიერს ჰქონდა საშუალება, ძალზე ფართო, მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის გაეცნო ის რეფორმები, რასაც საქართველო ამ მიმართულებით ატარებს”, – განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.