მამუკა ბახტაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა
მამუკა ბახტაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობს.

მამუკა ბახტაძე წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში ჩავიდა. მან სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სკოლის მოსწავლეების მიღწევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უახლოეს ერთ წელიწადში დასახლებაში ახალი სკოლა აშენდება.

„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან, ამ ლამაზ სკოლაში, სადაც 1200 ბავშვი სწავლობს. სწორედ ამ კედლებში ხდება ჩვენი მომავლის ფორმირება. დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს წიგნის დღეს. გადავწყვიტეთ, რომ წიგნის დღე დავიწყოთ თქვენთან შეხვედრით და წიგნების გადმოცემით, თქვენი ლამაზი ბიბლიოთეკისთვის. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს. ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ თქვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, თქვენს სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის თქვენი სწავლა და წიგნის სიყვარული. განსაკუთრებით მიყვარს კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. მე მქონდა ამის ბედნიერება და ვარ ბევრჯერ ნამყოფი თქვენს ულამაზეს კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ და სხვა კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ თქვენს ულამაზეს კუთხეში. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის, იმ საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ. ვიცი, რომ ამ სკოლაში ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს და მინდა, თქვენს მასწავლებლებს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რომლებიც მაქსიმალურ ენერგიას დებენ თქვენში. მინდა, თქვენს მშობლებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ მათთვის, თავიანთი შვილების განათლება და მომავალი ნომერი პირველი პრიორიტეტია. ჩვენც ძალიან ბევრს გავაკეთებთ. განათლება პირადად ჩემთვის ცხოვრებაში არის მთავარი რამ, ამავე დროს ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო გავხადოთ ძალიან მაგარი ქვეყანა. ისეთი მაგარი ქვეყანა, როგორიც თქვენ გინდათ, რომ გქონდეთ. მინდა, მოგილოცოთ წიგნის დღე. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს და ის უნდა იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი. ვიცი, რომ ბეჯითად სწავლობთ, ძალიან მიხარია, ამ სკოლაში წლიდან წლამდე ბავშვების რაოდენობა რომ იზრდება. შესაბამისად, დაევალება განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დავიწყოთ პროექტირება და უახლოეს ერთ წელიწადში ავაშენოთ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი სკოლა თქვენს დასახლებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.