მამუკა ბახტაძემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორს, რობერტ რედფილდს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.
განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ქართული მხარის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. ისაუბრეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ერთიანი ჯანდაცვის ჭრილში.
ხაზი გაესვა ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციის მნიშვნელობას ჯანდაცვის მხრივ საფრთხეების თავიდან აცილების საკითხში.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი თბილისში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელებისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია და ა.შ.