მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს დაკარგული ტილო გადასცა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას მოულოდნელი საჩუქარი მიიღო. კანცლერის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადილის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს საჩუქრად გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა.
„სიმღერა სადილზე და მოულოდნელი საჩუქარი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც ომის შემდეგ 1945 წელს დრეზდენის მუზეუმიდან დაიკარგა, შემდეგ აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში და ბოლოს საქართველოში“, – ნათქვამია „ინსტაგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.
მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერა სახელად „ნატურმორტი კურდღლით“, შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.