მამუკა ბახტაძე - ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება გაზარდოს
ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა გაზარდოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, დივაკარ გუფთასთან შეხვედრის შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბრისას, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები განიხილეს, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
„მანილაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან აზიის განვითარების ბანკიდან. ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებმა, უკეთ გამოიყენონ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
დივაკარ გუფთას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი აფასებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში მიაღწია.
„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, აზიის განვითარების ბანკი ძალიან აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში. ბანკი აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში, დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულებები და იმედი გვაქვს, შევძლებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ხელშეწყობის, ჰიდროენერგეტიკის გაძლიერების მიმართულებით,“ – განაცხადა კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ფილიპინებში, ქალაქ მანილაში მიმდინარეობს. ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.