მამუკა ბახტაძე - ვიწყებთ ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ არაერთ ხელშესახებ წარმატებას და შედეგს მიაღწია, განსაკუთრებით აღსანიშნავია, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ოთხი წლის გასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2014 წლის 27 ივნისი ისტორიული თარიღია, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელებაც მეტ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, იწყება სრულიად ახალი ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ინიციატივის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეხვედრები გაიმართება.
„ასევე, ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეხვედრები გაიმართება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.