მამუკა ბახტაძე - უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს გაერთიანებისა და ძლიერი ევროპული ქვეყნის შექმნისთვის მთავარი წინაპირობა იქნება
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს სამეგრელოში, დადიანების სასახლის ეზოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარების მიმართულებით ინვესტიციები და აქტივობა გაიზრდება.
„განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს, ტობა-ვარჩხილი, ულამაზესი კანიონები, დადიანის სასახლე და სხვა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პოტენციალის 10 პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. ამ კუთხით, გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი. განსაკუთრებით ის, რაც ეხება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას. ამ ნაწილში, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ ამ მიმართულებით ჩვენს ინვესტიციებს“ – განაცხადა მამუკა ბახატაძემ.
პრემიერის განმარტებით, ჯანსაღ და განვითარებულ ტურიზმს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ არსებული ტემპები არ პასუხობს გამოწვევებს, რაც გაქვს ეკონომიკაში. ამიტომ, ტემპები აუცილებლად დაჩქარდება, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა მორჩეს ვადაში და უნდა დავიწყოთ სხვა ახალი პროექტები კიდევ უფრო მოკლე ვადაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც უძველესი ერისთვის, კულტურას და ფასეულობებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
„როდესაც სამეგრელოში ჩამოდიხარ და უყურებ შენი თვალით იმას, რაც შეინარჩუნეს ჩვენმა წინაპრებმა და რომლის დიდი ნაწილი მუზეუმებშია დაცული, კარგად ხვდები თუ რამხელა სახელმწიფოებრიობის განცდა, რამხელა სიყვარულის განცდა ჰქონდა ამ ხალხს, რომელმაც ეს ყველაფერი შეინარჩუნა და საშუალება მოგვცა, ჩვენ, მომავალმა თაობამ, ჩვენი თვალით დავინახოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, თითოეული მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
„ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ ჩვენც ანალოგიურად, ასეთივე სახელმწიფოებრივი მიდგომით, ასეთივე მტკიცე ხასიათით ქვეყნის სიყვარულით და რაც მთავარია, ერთსულოვნებით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს სურს, რომელიც სურდა ჩვენს წინაპრებს და რაც მთავრია, ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება ღირსების მომტანი, ღირსეული ცხოვრების მომტანი და ერთადერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს გაერთიანება და ძლიერი ევროპული ქვეყნის შექმნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, მამუკა ბახტაძემ დღეს ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.