მამუკა ბახტაძე - ტურისტული სექტორის განვითარებაში გვქონდა დიდი წარმატება, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი სტრატეგია იყო სწორი
როდესაც სახელმწიფო აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიას, აუცილებელია, შევხედოთ უკუგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელსაც დღეს ჟურნალისტებმა რუსეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიისთვის დახარჯულ თანხებზე ჰკითხეს.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე საქართველოს მარკეტინგული ბიუჯეტის დაახლოებით 18 პროცენტი დაიხარჯა.
„ეს არის დაახლოებით 18 პროცენტი მარკეტინგის ბიუჯეტის, 18 პროცენტი არის რუსეთში დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ რას ფიქრობთ, არ უნდა დახარჯულიყო ეს თანხა? ჩემი აზრით, ეს კითხვა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ გვქონოდა შესაბამისი უკუგება ამ ინვესტიციის. როდესაც სახელმწიფო აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიას, აუცილებელია, შევხედოთ უკუგებას, თითოეულ ინვესტირებულ თანხაზე რა უკუგება, ეს ხომ თქვენი თანხებია, გადასახადის გადამხდელების თანხა, სწორედ ასე უნდა შეაფასოთ ეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შესაბამისად გადაწყდა, რომ წლევანდელი მარკეტინგული ბიუჯეტის ფოკუსი ახალ ბაზრებზე გაკეთებულიყო.
„რაც შეეხება წელს, ჩვენ სწორედ ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე, ვინაიდან ეს ბაზარი ისედაც ძალიან აქტიურად ვითარდებოდა. მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, საერთო მარკეტინგის 17-18 პროცენტი იხარჯებოდა წინა წლების განმავლობაში ამ მიმართულებაზე და წელს მთლიანად მოხდა რეფოკუსირება აღნიშნული ბიუჯეტის. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს, დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები.
ამასთან. საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კითხვა არის რატომ. ყველგან ასე ხდება, სახელმწიფოს, რომელსაც აქვს სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდი რაოდენობის ტურისტი და ვიზიტორი სწორედ იმ ქვეყნიდან შემოვა, ამაში რამე არალოგიკურია?“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე სრულიად უპასუხისმგებლო და პოპულისტური განცხადებები კეთდება.
„სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც სურთ, თავი თავი წარმოაჩინონ ასეთ პერიოდში, ნაცვლად იმისა, მართლა მხარში დაუდგნენ ამ სექტორს, ათასგვარ პოპულიზმს და ტყუილს იძახიან. საქართველოში ტურისტული სექტორის განვითარებაში ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი წარმატებები და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეს მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორეზე მიუთითებს.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგია იყო სწორი, იმაზე, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საშუალება მისცა ქართველ მეწარმეებს, გაეფართოებინათ თავიანთი ბიზნესი და უფრო მეტიც, ბევრ ახალ მცირე მეწარმეს დაეწყო სრულიად ახალი ბიზნესი, რომელიც მანამდე არ ჰქონია. შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი ამ სექტორში. ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენი გუნდის არის, რომ ამ მოქალაქეებს შევუნარჩუნოთ ეს შემოსავალი, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის დაცვა არის სწორედ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლების. თითოეულმა ჩვენგანმა ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და არა სხვადასხვა პოპულისტური განცხადებებზე კომენტარების კეთება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი განმარტებით, აღნიშნული შემოსავალი უნდა იყოს მდგრადი და დივერსიფიცირებული.
„მსურს, კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩახედეთ ციფრებს, რა მასშტაბის დივერსიფიკაცია განიცადა საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ამის შემდეგ საერთოდ არის ვალიდური კითხვა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რა გააკეთა ხელისუფლებამ დივერსიფიკაციისთვის? მსოფლიოში ორ უმსხვილეს ეკონომიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გავაფორმეთ სწორედ ჩვენ და ეს არის ფაქტი, მაგრამ დღეს რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის, როგორ შევუნარჩუნოთ ამ სფეროში დასაქმებულ ჩვენ მოსახლეობას შემოსავალი, რომელიც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეს აუცილებლად გაკეთდება.
„ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მიუხედავად ყოველგვარი დემაგოგიისა და პოპულიზმისა, რასაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვისმენთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.