მამუკა ბახტაძე - „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება გამოხატავს სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად გაქვს საქმე
„თიბისი ბანკი“ არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას „თიბისი ბანკის“ საკითხზე დღეს დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენასა და ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაზე ჰკითხეს.
პრემიერის თქმით, „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რაც დადებითი სიგნალია.
„ვფიქრობ, ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთეს „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა გამოხატავს სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად გაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მხრიდან. უფრო მეტიც, გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი მონაცემებით, ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც რეიტინგი გაუზარდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ ამის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად აღნიშნა ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის, რომ საქართველოს საბანკო ფინანსური სექტორი ძალიან მდგრადია.
„ეს კონკრეტული ფაქტია, დანარჩენი ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, ნებისმიერი საკითხი შეაფასოს. ჩვენ მოვისმენთ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას ამ საკითხზე და ზოგადად, მივესალმები პროცესს, რომ როცა კითხვები არსებობს, მასზე უნდა იყოს პასუხებიც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა, მამუკა ბახტაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში პროცედურული საკითხია.
„ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მე არ ვარ ამ თემის ექსპერტი, რომ ვისაუბრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მივიდეს, არ უნდა მივიდეს, ან როდის მივიდეს. პარლამენტის წინაშე არსებობს ანგარიშვალდებულება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მე პირადად, როგორც მოქალაქე, ამას მივესალმები და მივესალმები ყოველთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მან მამუკა ხაზარაძისგან წერილი მიიღო, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოფიციალური წერილი მას არ მიუღია და ასევე, არ შეეესაბამება სიმართლეს, რომ პრემიერი ამ საკითხს არ გამოხმაურებია.
„მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ და ამ შემთხვევაში, მე არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მათივე ინიციატივით მქონდა შეხვედრა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა დღეს არის დაგეგმილი. საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.