მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მინისტრებთან ერთად აქტიურად ვიქნები ჩართული პარლამენტთან ურთიერთობის პროცესში
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ყველა მინისტრთან ერთად, აქტიურად ვიქნები ჩართული პარლამენტთან ურთიერთობის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის რანგში პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობდა.
„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო დემოკრატიაში და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. მე ვიყავი ფინანსთა მინისტრი დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში და საშუალება მქონდა, მქონოდა კომუნიკაცია პარლამენტთან. ვთვლი, რომ ეს კომუნიკაცია და შეხვედრები იყო საკმაოდ ეფექტური და ამავე დროს, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის გამოწვევები, რომლებიც გულისხმობს კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხის ქონას. ბუნებრივია, სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებზეც ვისაუბრე და მინდა, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები. იმ შემთხვევაში, თუ ნდობას გამომიცხადებთ, როგორც მე, ასევე ჩემი გუნდის ყველა წევრს, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.