მამუკა ბახტაძე - საზოგადოებაში ყოველთვის იყო განცდა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და ენმ-ს „ღირსეული“ წარსული აერთიანებთ
საზოგადოებაში ყოველთვის იყო იმის განცდა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ “ღირსეული” წარსული აერთიანებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რეალურად “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” საერთო საფუძველი აერთიანებს.
„საზოგადოებაში ყოველთვის იყო იმის განცდა, რომ რეალურად ამ ორ პარტიას მაინც საერთო საფუძველი და ის „ღირსეული“ წარსული აერთიანებთ, რომელიც მათ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მე რომ გითხრათ, რომ ეს სიურპრიზი იყო ვინმესთვის ალბათ, ასე არ იყო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბრიუსელში სამპუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ხელი მოეწერა სამპუქტიან შეთანხმებას: 1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა); 2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან; 3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.