მამუკა ბახტაძე - საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ნატო-ში.
„საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს უკანასკნელ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ დააახლოებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ჩვენი კოორდინირებული მცდელობები ახლო მომავლისთვის ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ნატო-ს სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები განიხილა.
„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ ჩართულობას და ერთობლივ მცდელობებს ამ მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ გვექნება უფრო აქტიური საზღვაო თანამშრომლობა და ასევე გაფართოებული ორმხრივი სიტუაციური ცოდნა. საქართველოში თავდაცვის სფეროს რეფორმებზე და ამ თვალსაზრისით ნატოს წვლილზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა შედეგებს. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას და მოკავშირეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ წვრთნაში.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.
მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.
„ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები – ნატოს მხარდაჭერით – ხელს შეუწყობს ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო სტოლტენბერგ, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს – ჩვენი ქვეყნისა და ერის – განუხრელი მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.