მამუკა ბახტაძე - საქართველო გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ყოველთვის იყო არაერთი გამოწვევის წინაშე, თუ რამე ხელს გვიწყობდა, კრიზისებისთვის თავი დაგვეღწია, გახლდათ დიპლომატია
ჩვენი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ყოველთვის იდგა ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში და არაერთი გამოწვევის წინაშე. თუ რამე ხელს გვიწყობდა, რომ თავი დაგვეღწია კრიზისებისა და სირთულეებისთვის, ეს გახლდათ სწორედ დიპლომატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებული შეხვედრა არ შემიძლია, არ დავიწყო ჩვენი დიდი წინაპრის, სულხან-საბა ორბელიანის ხსენებით, რომლის სახელსაც უკავშირდება სწორედ ქართული დიპლომატია.
სულხან-საბა 300 წლის წინ ეძებდა გზებს ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად და სწორედ ევროპასთან დაახლოება მიაჩნდა ერთადერთ გზად და ხსნად.
დღეს საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილია და თანამიმდევრული ნაბიჯებით მყარად დგას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ყოველთვის იდგა ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში და არაერთი გამოწვევის წინაშე და თუ რამე ხელს გვიწყობდა, რომ თავი დაგვეღწია კრიზისებისა და სირთულეებისთვის, ეს გახლდათ სწორედ დიპლომატია.
გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყანას დასჭირდა ხელახალი სახელმწიფოებრივი აღიარება, სწორედ ჩვენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმისა და თავგანწირული შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ხელახალი დამკვიდრება.
დღეს არანაკლები ძალისხმევაა საჭირო ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და რაც მთავარია ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რისთვისაც თქვენი თავდადებითი შრომა არის მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ ამ სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის ძალისხმევით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმული წარმატებული ნაბიჯების შედეგად, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა. მისი თქმით, საქართველო აღიარებულია ლიდერ სახელმწიფოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, ხოლო ნატო-ელი მეგობრები უფრო მეტად უსვამენ ხაზს საქართველოს მზაობას ალიანსის წევრობისთვის.
„ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია მხარეების მიერ ინიცირებული ახალი უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატიც, რომელიც თავისი არსით უპრეცედენტოა და რომლის პირველი შეხვედრაც ბრიუსელში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. დარწმუნებული ვარ, დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და გახსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის.
დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში ქართული დიპლომატიური სამსახურის წყალობით ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, რომელთა შორის უპირველეს ამოცანად რჩება მშვიდობიანი გზებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაფიო შეფასებები მისცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესებს“, – განაცხადა პრემიერმა.