მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია და გერმანიის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს.
„ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა. რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, დღეს სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – აღნიშნა პრემიერმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან გერმანიის კანცლერს მიმართა, რომ საქართველოს პასუხი ამ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა.
„ქალბატონო კანცლერო და ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ყველა ინტერესი იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავისი შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე, საქართველოს მხრიდან გადადგმულია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიზნით.
„ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის.
პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.