ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში [ფოტო-ვიდეო]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.