მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ჟან კლოდ პირეს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ გაძლიერდა.
საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.
ფინანსთა მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის როგორიცაა – ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.