მამუკა ბახტაძე -საერთაშორისო მისიების დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს
მამუკა ბახტაძე -საერთაშორისო მისიების დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს

საპრეზიდენტო არჩევნები  მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ეს 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ტრადიციად იქცა, რაც სწორედ ქართველი ხალხის მონაპოვარია.

პრემიერ-მინისტრმა აქტივობისთვის თითოეულ ამომრჩეველსა და  მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩაატარეს.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ბევრ მათგანთან მე პირადად მქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. მისასალმებელია, რომ მათი დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ მომხრეებს.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხრეებს, ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებმაც, მისი შეფასებით, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს.