მამუკა ბახტაძე - საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრინციპული და საგნობრივი საუბარი გვქონდა
საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების წახალისებაა და საქართველოს მთავრობა ამ გზაზე აუცილებლად პრინციპულ ნაბიჯებს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ფინანსთა სამინისტროში გვქონდა შეხვედრა საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან. არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების მიღებაა საჭირო. დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების წახალისებაა. საქართველოს მთავრობა ამ გზაზე აუცილებლად პრინციპულ ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა ამ პროექტის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია და ამაზე ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, მეორე საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე საუბარი შედგა, ჭარბვალიანობას შეეხება.
„მეორე პრობლემა, რომელზედაც ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, შეეხება ჩვენს მოსახლეობაში ჭარბვალიანობას. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. ზოგადად, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა და მის აღმოფხვრას სისტემური მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა სამ კვირაში იგეგმება.
„დაახლოებით სამ კვირაში საბანკო სექტორს ისევ შევხვდებით და იმედს ვიტოვებ, რომ ამ საკითხებზე შესაბამის პასუხებს მივიღებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბანკების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამუშაო შეხვედრაზე სასტარტო კაპიტალის პროგრამასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ისაუბრეს.