მამუკა ბახტაძე - ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი ტურიზმის სექტორია, პირველ რიგში, დახმარება მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებს სჭირდებათ
დღეს, ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი ტურიზმის სექტორია, რითაც საქართველოს მოქალაქეები დაზარალდნენ და პირველ რიგში, დახმარება მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებს სჭირდებათ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ სპეციალური პროგრამა გააკეთა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება.
„ეს პროგრამა გულისხმობს, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პროცენტის თანადაფინანსება მოვახდინოთ, ვინაიდან ისინი შემოსავალს ელოდებოდნენ და ეს შემოსავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავდგათ. ვინაიდან, ტურიზმის სექტორი ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან ბევრ მოქალაქეს ისევე, როგორც არსებულ მეწარმეს, იმის სურვილი ჰქონდა, ბიზნესი გაეფართოვებინა ან ტურიზმის სექტორში ბიზნესი დაეწყო. ამ სიტუაციის გამო, შეიძლება, ინვესტიციები ამ სექტორში შეჩერდეს, რაც დაუშვებელია. მეორე რასაც გავაკეთებთ და რაც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავე, საკრედიტო საგარანტიო სქემაა. ასეთ მეწარმეებს სახელმწიფო დაუდგება გარანტად, რომ არ არც ერთი პროექტი შეჩერდეს, რომლის მშენებლობაც და განვითარებაც იგეგმებოდა. ასევე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რომ სავალუტო შემოსავლები, რომელსაც ქვეყანა ღებულობს, მზარდი იყოს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გახლავთ, რომელიც გვაქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ბახტაძის განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
„ამ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიერ პოტენციურად მიღებულ სიკეთეებს გარკვეული დრო სჭირდება. შემდეგი ფისკალური დისციპლინა და პარამეტრებია, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს საზოგადოებისა და პარლამენტის მიმართ. ბოლო პერიოდში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ თუნდაც, ოდნავი გადახრა ამ სტანდარტებისგან არ მოხდეს. თუ გრძელვადიან პერსპექტივას შევხედავთ, რომელიც არცთუ ისე გრძელვადიანია, მთავარია, ობიექტური კრიტერიუმი გვქონდეს, როგორ ვაფასებთ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პირადად ჩემთვის, ობიექტური კრიტერიუმი ერთადერთია. ეს არის ის, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე, საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს. საინვესტიციო რეიტინგი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სიღარიბეს ადვილად დაძლევს და საქართველოში ისეთივე იაფი სესხები იქნება, როგორიც ევროპაშია“, – დასძინა მთავრობის ხელმძღვანელმა.