მამუკა ბახტაძე - ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო კვანძის გაფართოებასთან
მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო კვანძის გაფართოებასთან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია 28 მილიონიან ინვესტიციაზე.
„სამშენებლო პროცესი უკვე მიმდინარეობს. ქუთაისის აეროპორტის განვითარება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ყველაზე მთავარი კომპონენტი არის თვითონ ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, ასევე არის აეროპორტის დაკავშირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან. ქუთაისში ძალიან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს ყველას ძალიან გვიხარია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ქუთაისში კიდევ უფრო დიდი გამტარუნარიანობის სატრანსპორტო კვანძი მოეწყოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
2017 წლის 3 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის აეროპორტის წინ რკინიგზის სადგურის მშენებლობა გახსნა, სადაც აღნიშნა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაიწყებდა ფუნქციონირებას.