მამუკა ბახტაძე - პენსიონერებსა და სხვა ჯგუფებს 118 აფთიაქში ერთ ლარად შეუძლიათ 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა, აღნიშნული წამლების სია გაფართოვდება
სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა, ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა იმ პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის ერთ ლარად შეძენას შეძლებენ.
„ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა ჩვენს მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე და აქ მინდა, ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომი ფასები წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება.
დღეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე ამ თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ, სიმბოლურად, ერთ ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები.
„ჩვენ უკვე ორი წელია, ავამოქმედეთ ქრონიკული დაავადებების აღნიშნული პროგრამა და დაახლოებით 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უკვე ამ პროგრამით, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე იქნა სწორედ მიღებული გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ, ისარგებლონ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა მომავალში გაგრძელდება და მედიკამენტების სიაც გაფართოვდება.
„აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით არის ამოქმედებული აღნიშნული პროგრამა და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში შეიძინონ ერთ ლარად აღნიშნული პრეპარატები.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ სისტემური მოგვარება პრობლემების, რომლებიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ეკონომიკაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, აღნიშნულ პროგრამას სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც განიხილავს.
„მე პირადად, ამ პროგრამას განვიხილავ სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან ბოლო კვლევების თანახმად, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში. ეს ასე არ გაგრძელდება, ჩვენ ამ პროგრამით და იმ სხვა ნაბიჯებით, რომლებიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის, ჩვენი სხვა მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეძენის ხარჯი ფაქტობრივად იქნება მინიმალური და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული ინიციატივის რეალიზებაში.
„მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯები და აღნიშნული მედიკამენტების სია აუცილებლად გაფართოცდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.