მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას
მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას

ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიის 400 ლარამდე ზრდა მათემატიკურად შეუძლებელია.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გავცე პასუხი შეკითხვაზე, იმ ტყუილზე, რაც უკავშირდება დაპირებას ე.წ. 400-ლარიან პენსიაზე. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირადად მე შემიძლია, რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად გავუგზავნო. საუბარია დამატებით ორ მილიარდ ლარზე, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნით ჩვენს ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად. ამ რაოდენობისა და მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი.

არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას. მათემატიკურად შეუძლებელია. პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რომ არის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გუნდი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ თავს ამის უფლებასაც კი აძლევენ, რომ ამ თაობას ასეთი ტიპის ტყუილი მიუტანოს სხვადასხვა არხის მეშვეობით. ეს არის სრულიად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ტყუილს აუცილებლად გასცემს ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.