მამუკა ბახტაძე - ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა გაგრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს საქართველოსა და ჩვენი ტერიტორიული დეოკუპაციისთვის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას და ხაზს“, – განაცხადა მან.
ამასთან, პრემიერის თქმით, პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის მისიის მანდატის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განვითარებასა და განმტკიცებისთვის.