მამუკა ბახტაძე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით
ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა, ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში. ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.
„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.