მამუკა ბახტაძე - მედიაპლურალიზმი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით უფრთხილდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძვლები არ აქვს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე – „არის ბრალდებები, რომ ხელისუფლებას სურს კრიტიკული არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა“.
„რა თქმა უნდა არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც ამის გარანტი გახლავთ ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და თითოეული ჩვენთაგანი ამას განსაკუთრებით უფრთხილდება. ეს არის ჩვენი შეფასება“, – უპასუხა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებას, თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსში ერთმნიშვნელოვნად არის ეს საკითხი დაფიქსირებული“.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ მოისმინა, რაზე არიან ორიენტირებული ხელისუფლების ოპონენტები.
„გუშინ მოვისმინეთ თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ, თუ რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები, ისინი ორიენტირებული არიან ინტერპრეტაციაზე, ნებისმიერი ინფორმაციის და ნებისმიერი ფაქტის არასწორად შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცეთ თითოეულმა ჩვენგანმა. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ამ საქმეს მედიაპლურალიზმთან, როგორც ამ ყველაზე დიდ მიღწევასთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.