კახა კალაძე - საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში მედიაპლურალიზმის მიმართულებით და რა ხდება 2012 წლის შემდგომ პერიოდში
კახა კალაძე - საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში მედიაპლურალიზმის მიმართულებით და რა ხდება 2012 წლის შემდგომ პერიოდში

საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში მედიაპლურალიზმის მიმართულებით და რა ხდება 2012 წლის შემდგომ პერიოდში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომლის თანახმად ევროკავშირს, ეროვნული უსაფრთხოების სახელით, ჟურნალისტებზე თვალთვალის დასაწესებლად ახალი მედიაკანონის შემუშავება სურს.

მედიაპლურალიზმი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, მოდი, საკუთარ ქვეყანაზე ვისაუბროთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში ამ მიმართულებით, რამდენად სირთულეები იყო და რა ხდება იმ პერიოდში, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება და მდგომარეობა გვაქვს. დღეს რომ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ტელევიზიები, სხვადასხვა ტიპის სააგენტოები, ეს არ არის მედიათავისუფლება? ეს არ არის თავისუფლება, როდესაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დასვას შეკითხვა, რომელიც მას სურს? აღნიშნული კანონი, რომელიც ახსენეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის ჟურნალისტების საქმიანობას და შეიძლება, მოშველიებული იქნას კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტის მხრიდან გადადგმულ არასწორ ნაბიჯად. შეიძლება, გამოყენებული იქნას ამ ადამიანების პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ, რაც ვფიქრობ, დამაზიანებელი და ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.