მამუკა ბახტაძე - მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
მამუკა ბახტაძე - მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები – ნატო-ს მხარდაჭერით – ხელს შეუწყობს ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ გამართულ ნატო-ს სამიტზე.

„ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო სტოლტენბერგ, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს – ჩვენი ქვეყნისა და ერის განუხრელი მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.