მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა, დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა. მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში.
„მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. შესაბამისად, რეფორმების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე, კომერციულ და საგადასახადო დავებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ქართული ბიზნესი ელოდება და ის უნდა განვახორციელოთ რაც შეიძლება მალე და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციტივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავნერგავთ. იგივე შემიძლია გითხრათ გადახდის უუნარობის სისტემის რეფორმაზე, აქაც ჩვენ გავქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა საბაზრო ეკონომიკა განვავითაროთ ეფექტურად. გადახდისუნარიანობის ეფექტური სისტემის ქონის გარეშე, ბუნებრივია, საბაზრო ეკონომიკის განვითარება ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის რეფორმა, რომელიც ასევე მინდა გაგიზიაროთ, ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ბიზნესგარემო. ეს გახლავთ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღე არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული. შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.