მამუკა ბახტაძე - კახა კახიშვილმა ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, წარმატებული რეფორმები ყველა სექტორში გვსურს
კახა კახიშვილმა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში საკმარისი არ არის, წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით გვსურს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც კახა კახიშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაასახელა.
ბახტაძის შეფასებით, კახა კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.
მისი თქმით, რეფორმების კოორდინაციის საქმეში მთავრობის ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება და შესაბამისად, კახა კახიშვილი, პრემიერთან ერთად, შეძლებს გაუწიოს კოორდინაცია ყველა დაანონსებული რეფორმის დროულ დანერგვას.
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც არის ინიცირებული და ამავე დროს, ახალ რეფორმებს გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვალენებს. 2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.