მამუკა ბახტაძე - კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი იყო და სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად
კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი იყო და სწორედ იმიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მასზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ წარმატებული რეფორმები გაატარა.
„სწორედ ამიტომ გავაკეთე მასზე ეს არჩევანი, რომ მან წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში სისტემურ წარმატებას არ გვაძლევს. გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან მე განვაცხადე, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური ვალდებულებაა, ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო და რა თქმა უნდა, სწორედ ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას თავს წარმატებით გაართმევს, ისევე, როგორც პრემიერის შეფასებითვე, თავი გაართვა მნიშვნელოვან რეფორმებს უწყებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა.