მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხზე. კერძოდ, საუბარი შეეხო რეზერვის სისტემის განვითარებას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისრაელისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისრაელიდან ტურიზმისა და ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მზარდი ხდება. ხაზი გაესვა ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების და ტურიზმის სფეროში ისრაელიდან განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განხილვას. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა შესაბამისი კვლევის ჩატარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.