მამუკა ბახტაძე - მტკიცება, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა
ჩემთვის ძალიან მძიმეა მოსმენა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელება ინტერნეტსივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით გამოწვეული ნაბიჯები და მყისიერად მოხდა სამართალდამცველების ინფორმირება.
„იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს უკვე ეჭვმიტანილიც და აქტიურად მუშაობენ, რომ გამოვლინდნენ სხვებიც.
ზოგადად, კიბერდანაშაული არის ძალიან კომპლექსური დანაშაული და ეს არის 21-ე საუკუნეში გამოწვევა ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი საქართველოში. კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კიბერდანაშაული თავისი შინაარსით არის ძალიან რთული ტიპის დანაშაული და მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირს. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ვისურვებდი, საქართველოში არასდროს აღარ დაფიქსირდეს მსგავსი ფაქტი და ამავე დროს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოხდეს ამის პრევენცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მამუკა ბახტაძე არ ეთანხმება შეფასებას, რომ კადრების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დუმს.
„როგორ დუმს გამოძიება, როდესაც მიმდინარეობს ასე ინტენსიურ რეჟიმში და რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს მაქსიმალურად ჩართულია, რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე იყო ძალიან სწრაფი, გამოვლენას ვგულისხმობ. მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ და ვართ დაინტერესებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მინდა, პირდაპირ დაგიფიქსიროთ ეს პოზიცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დამთხვევა, რომ ფარული ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება კრიტიკული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას ხდება, პრემიერის თქმით, მსგავსი ფაქტი 50 წლის შემდეგაც ისეთივე მძიმე დანაშაული იქნება, როგორც არის დღეს.
„დამთხვევას და არ დამთხვევას რაც შეეხება, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, 50 წლის შემდეგაც რომ მოხდეს მსგავსი კადრების გამოქვეყნება, ისეთივე მძიმე დანაშაული იქნება, როგორც დღეს. ეს არის სწორედ ჩვენი სულისკვეთება, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნება უმძიმესი დანაშაულია, არა აქვს მნიშვნელობა ვინმე ავრცელებს მას, ხელს უწყობს თუ ასე შემდეგ. ეს არის უმძიმესი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოეთხოვოს ყველას ამ საკითხზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, კიბერდანაშაულის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია.
„ეს არის გამოწვევა ძალიან ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ, ქმნიან ინფრასტრუქტურას მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კითხვაზე, რომ კვლავ არ არის დაკავებული ვიდეოკადრების გავრცელების დამკვეთი და იქნება თუ არა შესაძლებელი მისი პრემიერობის პირობებში საქმის ბოლომდე გახსნა, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ყველა რესურსი მიმართულია ამ დანაშაულის გამოძიებისთვის.
„ბუნებრივია, ამის იმედს ვიტოვებ, რადგან ვიცი სულისკვეთება, რომ ყველა რესურსი არის მიმართული, მოხდეს ამ დანაშაულის გამოძიება და არამხოლოდ გამოძიება, არამედ მომავალში თითოეული ჩვენგანი იყოს დაზღვეული მსგავსი დანაშაულისგან, მოხდეს პრევენციული მექანიზმების შექმნა და იმპლემენტაცია. ვიცი სულისკვეთება, განწყობა და განწყობა არის სწორედ ისეთი, როგორიც გითხარით“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა.