მამუკა ბახტაძე - გვაქვს სურვილი, მეტად ავითვისოთ გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი
მამუკა ბახტაძე - გვაქვს სურვილი, მეტად ავითვისოთ გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი

საქართველო მიესალმება ქვეყანაში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას და სურვილი აქვს, მეტად აითვისოს ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი რეგიონულ ჰაბად იქცეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას. წარმატებულ პროექტებთან ერთად, გვაქვს სურვილი უფრო მეტად ავითვისოთ ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი, ვიხილოთ უფრო მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში და მსხვილი გერმანული კომპანიების პარალელურად, ასევე განვავითაროთ ურთიერთობა მცირე და საშუალო ბიზნესს შორის. საქართველოს აქვს პოტენციალი, იქცეს კარიბჭედ და რეგიონალურ ჰაბად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის გერმანული კომპანიებისთვის მართლაც უნიკალური საშუალება და პერსპექტივა, რომ გაზარდონ ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ გაზარდონ ვაჭრობა ზოგადად, ჩვენს რეგიონთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ფედერალურ კანცლერთან ერთად საქართველოში გერმანული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოსვლა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების მიმართ ინტერესი იზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ფედერალურ კანცლერთან ერთად საქართველოში იმყოფებიან გერმანული კომპანიების წარმომადგენლებიც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების მიმართ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იმ მრავალრიცხოვანი სტიპენდიებისთვის, რომლებსაც გერმანია ყოველწლიურად გასცემს ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერ-მკვლევარებზე.

მოუთმენლად ველით მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი, როგორც საპატიო სტუმარი. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა გერმანული საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ევროპული ფესვების მქონე, მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მან გერმანიის კანცლერს საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ქალბატონო კანცლერო, კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც გერმანია ახორციელებს ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს მიმართ დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.