მამუკა ბახტაძე - ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.
„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მოხვდა ლიდერ ქვეყანათა სიაში, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი თითოეული რეფორმა და ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორიც არის უმუშევრობა და სიღარიბე.
აღნიშნულ ინდექსში დაწინაურების შედეგად, ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეკონომიკაში, დავაჩქაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გუნდს, ყველა საჯარო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“თანახმად, საქართველო 82 ქულით მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე პოზიციაზეა.