მამუკა ბახტაძე გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
მამუკა ბახტაძე გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სფეროში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას. ხაზი გაესვა პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და გერმანულ მოდელთან მაქსიმალური დაახლოების საჭიროებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია პროფესიები, რომლებშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და შესაბამისი სასწავლო პროგრამების სწორად შემუშავებასა და დანერგვაში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოში არსებული ბიზნესგარემო.

პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე იმსჯელეს საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომლის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.