მამუკა ბახტაძე - „ევრაქსესში“ გაწევრიანება იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ საქართველო დაუბრუნდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის საამაყო დონეს
„ევრაქსესში“ გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციაში წევრიანდება.
პრემიერის თქმით, „ევრაქსესი“ არის მთავარი პლატფორმა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, სადაც ხდება მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება.
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს; ეს ეხება ჩვენი ეროვნული იდეის, განათლების მეხუთე საფეხურს – მეცნიერებას. განათლების სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება ამის შესახებ. მიმდინარე წლის სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერება ხელი, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანდება „ევრაქსესში“. ეს არის მეცნიერებათა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის პლატფორმა. ეს არის მთავარი პლატფორმა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, სადაც ხდება მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება და ევროკავშირთან ერთად წარმოდგენილნი არიან მეცნიერულად და ტექნოლოგიურად ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ისრაელი და სხვა.
„ევრაქსესში“ საქართველოს გაწევრიანება იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ განათლების ცენტრად.
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პლატფორმაში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ დღეს კაცობრიობის ისტორიაში, მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში. აქ საუბარია ძალიან ამბიციურ პროექტებზე. აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება, რეალურად 21-ე საუკუნეში გახდეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინოვაციების წყარო. აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიურად ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის და ქართულ სამეცნიერო წრეებთან გვაქვს ძალიან ინტენსიური საუბარი. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ყველა ქართველი მეცნიერი, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები, აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პლატფორმაში“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.