შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ევრაქსესში“ წევრიანდება
შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ევრაქსესში“ წევრიანდება

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ევრაქსესში“ (EURAXESS) წევრიანდება.

„ევრაქსესი“ ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია 40 ქვეყანა, მათ შორის – იაპონია და ისრაელი.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველომ „ევრაქსესში“ გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის პირველ მარტს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოამზადა და ევროპული კვლევებისა და ინოვაციების პროგრამას წარუდგინა პროექტი (EURAXESS-Georgia), რომელმაც მოწონება დაიმსახურა.

ამასთან, 2019 წლის სექტემბერში ბრიუსელში ხელი მოეწერება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას, რის შემდეგადაც, საქართველო ოფიციალურად გახდება „ევრაქსესის“ (EURAXESS) ოფიციალური წევრი. ამის შემდეგ ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის – საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე.

„საქართველომ მიიღო მოპატიჟება, რომ გახდეს „ევრაქსესის“ წევრი, რომელიც არის ევროკავშირის ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია. ეს კი ნიშნავს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას ევროკავშირის სივრცეში. ესეც ჩვენი განათლების სტრატეგიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტიტუციის დაახლოება ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ამ მიპატიჟებას სექტემბერში, ბრიუსელში უკვე ოფიციალური ხელმოწერით გავაფორმებთ, რაც ნიშნავს პირდაპირ წვდომას ევროკავშირის სივრცეში 15 ათასზე მეტ ორგანიზაციასთან და ფონდთან. ნებისმიერ ქართველ მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რომლებიც არსებობს ევროკავშირის შიგნით. ამას რამდენიმეთვიანი უზარმაზარი სამუშაო უძღოდა წინ, მაგრამ საქართველომ ყველა პირობა დააკმაყოფილა და დღეს ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს მეცნიერების ინტეგრაციის პროცესი დაიწყო ევროპულ სივრცეში. ეს ასევე ნიშნავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რადგან მხოლოდ „ევრაქსესის“ ფარგლებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდის პროექტი იხარჯება კვლევებზე და ეს უკვე გახსნილი იქნება ქართული სამეცნიერო სივრცისთვის“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.