მამუკა ბახტაძე - ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება მკვეთრი დემონსტრირებაა იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი მკვეთრი დემონსტრირება იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა რუსულ აგრესიას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.
„მინდა, ჩვენს თითოეულ მეგობარს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასახულია ჩვენი მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტები. ასევე ჩვენი მეგობრები იზიარებენ ჩვენს მიდგომას ამ საკითხისადმი.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რომ ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა ამ მიმართულებით იყოს კიდევ უფრო ძლიერი და მკაფიო. დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციონალური მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს თითქმის 30-მა წევრმა ქვეყანამ, რისთვისაც, მინდა, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.