მამუკა ბახტაძე - ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა
ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ქვეყანას არასდროს ჰქონია.
„ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი. იცით, რომ წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს ვალდებულება, უფრო მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით
ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გასწია, როდესაც ბევრი პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. ჩვენ სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და გზების დეპარტამენტს.
„რა თქმა უნდა, ჩემი განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებსა და კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტები რაც შეიძლება ხარისხიანად და მოკლე დროში დავასრულოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.