საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
შეხვედრები მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელსაც პრემიერი დღეს ეწვევა.
პრემიერის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში დღეს სწორედ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის ბახტაძე და სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ხვალ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი მედიას მიმართავენ.
დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა. ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში მიემგზავრება. ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.