მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება
მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

შეხვედრები მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელსაც პრემიერი დღეს ეწვევა.

პრემიერის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში დღეს სწორედ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის ბახტაძე და სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ხვალ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი მედიას მიმართავენ.

დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა. ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთანევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში მიემგზავრება. ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.