მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ზაურ დარგალი მარნეულში არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად
19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით, ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად, ზაურ დარგალის მოსახლეობისთვის წარდგენისას განაცხადა.
„ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული, პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. 19 მაისს დარწმუნებული ვარ ზაური მიიღებს თქვენ მხარდაჭერას, ის გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული, ამით გაიმარჯვებს ის, რომ შევძლებთ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის და რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია. ჩვენ, როგორც ერთი ქვეყნის შვილები საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომაც, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის, რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები. უნდა მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში.
ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების და მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.