მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება
ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ, დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად, ხოლო ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხისა და დონის, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა დიდ ქალაქებში.
ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებსა და პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით, 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს იგი დაახლოებით ორ მილიარდ ლარს შეადგენს.
ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური – ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები.
„რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიცაა წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ.
უზომოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადგილი და როლი. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს წარმატება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში, იქნება მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.
„ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ, დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები, თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით, უფრო და უფრო რთული, კომპლექსური ხდება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს, პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას, მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი გამოდგება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ძალიან მაღალია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აქცენტები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით 2019 წლის ბიუჯეტში ჩადო, სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ეკონომიკაშია.