მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და მისი დამარცხების გზა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე გადის
ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ეს არის სიღარიბე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სიღარიბის დამარცხების გზა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე გადის
„მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების ხუთჯერ შემცირებას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, 5-დან 1 პროცენტამდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული რეფორმა მთავრობას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო წაახალისოს ქვეყანაში მცირე მეწარმეობა.
თუმცა, როგორც პრემიერობის კანდიდატი აღნიშნავს, მხოლოდ გადასახადების შემცირება ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვინაიდან ეს არის ხშირ შემთხვევაში, ძალიან არასწორი ინფორმაციის წყარო, რომ მხოლოდ გადასახადების შემცირებით ჩვენ შევძლებთ პრობლემების გადაჭრას კონკრეტული ჯგუფებისთვის – არა, მხოლოდ გადასახადების შემცირებით ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის ამ პრობლემებს ვერ გადავჭრით. ეს რეფორმა რომ სრულფასოვანი იყოს, ამავე დროს, აუცილებელია, ჩვენ განვახორციელოთ სასტარტო კაპიტალის რეფორმა და აუცილებელია, უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს მცირე მეწარმეებს საშუალება ჰქონდეთ, თავიანთი პროდუქცია არამხოლოდ ვიწრო სპექტრზე და ხშირ შემთხვევაში, ე.წ. ბაზრობის ტიპის დაწესებულებებზე გაყიდონ, არამედ მოვახდინოთ მათი ინტეგრირება უფრო დამატებით, ალტერნატიულ ღირებულებათა ჯაჭვში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია.
„რეფორმა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო დოკუმენტების გაერთიანებას, რომელიც უკავშირდება დღგ-ის გადასახადს, თუ როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება, უზრუნველყოფს სწორედ ამას, რომ მცირე მეწარმეებს აღარ ექნებათ ბარიერი უფრო დიდ ბაზარზე წვდომის მხრივ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე.
მამუკა ბახტაძე დეპუტატებს საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში ხვდება, სადაც სამთავრობო პროგრამას წარადგენს.